“ელფთა სამეფო შეუძლია გაიცნოს და შეიცნოს ყველამ … აქ ყველასათვის მოიძებნება ადგილი”

 Синяя Пляж Простой Коллаж Публикация в Facebook (2)სულ ახლახანს წიგნების სამყაროს შეემატა ახალგაზრდა მწერლის მარიამ აილენილის „ელფთა სამეფო: შავი ჯადოქარი“, რომელიც თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზეც იყო წარმოდგენილი.

პირველივე გვერდიდან მკითხველი ელფების ჰაეროვან, ფერად სამყაროში ხვდება, უმეგობრდება გოლუნდირის სასახლის  მკვიდრთ, მეფე–დედოფალს,  პრინც არლონდირს და მათ გარემოცვას. ავტორის მონათხრობი  იმდენად ფაქიზი და უშუალოა, უნებლიედ მიყვები მის ზღაპრულ სიტყვებს, შეიგრძნობ სამეფო ბაღის სურნელებას, ეფერები  სასახლის თავზე მოკაშკაშე მზის სხივებს,  რბილად ეხვევი ოთახში შემოსულ ვერცხლისფერ მთვარის შუქში. სიუჟეტის  ინტრიგა თავიდანვე  ისეა  ჩადებული, მკითხველი თითქოს ხვდება ამას, თითქოს არა,  და ინტერესით მიჰყვება პრინც არლონდირის ცხოვრების ფურცლებს…

– თქვენ წერთ „ფენტეზის“ ჟანრში. განსაკუთრებით რა მოგწონთ ამ მიმართულებაში, რითი არის საინტერესო მკითხველისთვის?

– მე გახლავართ მარიამ ხოტივრიშვილი, ან ფსევდონიმით – მარიამ აილენილი, „ელფთა სამეფოს“ ავტორი. როგორც იცით, 18 ივნისს გამოვიდა ჩემი პირველი ტომი „ელფთა სამეფო: შავი ჯადოქარი“. დიახ, პირველი ტომი, რადგან დაწერილი მაქვს კიდევ ორი ტომი, რომლებიც პირველი ტომის გაგრძელებას წარმოადგენს.

ვწერ ფენტეზის ჟანრში, რადგან სწორედ ეს არის ის ჟანრი, მიმართულება, რომელიც შთამაგონებს და მიბიძგებს შევქმნა განსხვავებული, ჯადოსნური სამყარო, რომლის მთავარი ხელმძღვანელი და დამდგმელი რეჟისორი მე ვარ. ალბათ, სწორედ ეს შთამაგონებს ვწერო ამ მიმართულებით. აქ არ არის საზღვრები და ლიმიტაცია, როგორც რეალურ სამყაროში, რომელიც განსაზღვრულია, ერთგვარი წესებით იმართება და მათ ეფუძნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მიმართულების მთავარი ხიბლი არის თავისუფლება და სწორედ ეს შეგრძნება მინდა მივანიჭო ჩემს მკითხველსაც, რომელიც წიგნს გადაშლის და ელფთა სამეფოში შემოაბიჯებს, მისი ერთგვარი ნაწილი გახდება.

– ვინ არის თქვენი მკითხველი – მოზარდი, ზრდასრული, ფართო აუდიტორია თუ გარკვეული ჯგუფი?

„ელფთა სამეფო შავი ჯადოქარი“. (1)
მარიამ აილენილი

– ვიტყოდი, რომ ჩემს სამყაროში შემოსასვლელად გარკვეული ასაკი არ არის საჭირო და განსაზღვრული. ელფთა სამეფო შეუძლია გაიცნოს და შეიცნოს ყველამ – დაწყებული 6 წლის ბავშვით – დამთავრებული ხანდაზმულით. აქ ყველასათვის მოიძებნება ადგილი. თუმცაღა, ვიტყოდი მაინც, რომ პირველი ტომი შედარებით მოზარდებისთვის უფრო იქნება მიმზიდველი. თავადაც მოზარდი ვიყავი, როდესაც პირველ ტომს ვწერდი და ჩემთვის სწორედ ეს ჟანრი იყო ყველაზე მომხიბვლელი. წიგნში არის ისეთი მცირე, თითქმის შეუმჩნეველი და დაფარული ფილოსოფიური დეტალები და საზრისები, რომელიც, წესით, ზრდასრულმა უნდა დაიჭიროს; მაგრამ, ჩემი წერის სტილიდან გამომდინარე, ეს მნიშვნელოვანი წვრილმანები უკანა პლანზე მაქვს გადატანილი, რათა მკითხველი თავად მიხვდეს საზრისს და ამოსავალ წერტილს. აქვე აღვნიშნავ, რომ მეორე და მესამე ტომები უკვე შედარებით ზრდასრულებზეა გათვლილი, რაც ეხამება და ეთავსება იმ ფაქტს, რომ თავად ვიყავი ზრდასრული, როდესაც მათ ვწერდი. ერთი სიტყვით, მცირე შედარება რომ გავაკეთოთ და პარალელი გავავლოთ, წიგნები ტომების მიხედვით, თითქოსდა, იზრდება. ამიტომაა ეს წიგნები, ტომები, პროცესი. ჩემთან ერთად იზრდებოდნენ. ეს დაუსრულებელი პროცესია, რომლის საბოლოო შედეგს ჯერ ვერც მე ვჭვრეტ. ამიტომ ეს ერთგვარი უწყვეტი თავგადასავალია.

– „ფენტეზის“ ჟანრის გარდა სხვა რომელიმე ჟანრი თუ მოგწონთ, თუ დაწერდით სხვა ჟანრში?

მომწონს ისტორიული წიგნები, რომლებიც დოკუმენტურ, რეალისტურ წყაროებს გვაწვდიან. ზოგადად ძალიან მიყვარს ისტორია და ისტორიული წყაროების გაცნობა. სწორედ ისტორიულ ჟანრში მაქვს დაწერილი, უფრო სწორედ, თანა-ავტორობა გავუწიე წიგნს გიორგი ბრწყინვალისა და უბისის მონასტრის შესახებ, რომელიც უკვე მალე გამოვა. გარდა ამისა, აგრეთვე დაწერილი მაქვს პოემა ინგლისურად, რომელიც არსად დამიბეჭდავს და არ გამომიცია. ეპიკური, საგმირო პოემაა, რომელსაც ტრაგედიის, მითოსისა და ფენტეზის ნაზავი აქვს და ძველი ინგლისურის სტილიც აქვს შიგადაშიგ შენარჩუნებული. ფენტეზის ჟანრში კიდევ მქონდა ორიოდე რომანი დაწერილი, ისიც ინგლისურად, თუმცაღა დასრულება და ქვეყნად მოვლენა არ ეღირსათ, სამწუხაროდ. პროზისა და პოეზიის გარდა, ვწერ სიმღერებსაც, ინგლისურად, თითქმის ყველა ჟანრში. ასე რომ, ბევრი მიმართულება მაქვს, მაგრამ ჩემი მთავარი ქვაკუთხედი ელფები და მათი სამეფოა.

– ვინ არის თქვენთვის სამაგალითო მწერალი?

– სამაგალითო მწერალი კონკრეტულად არ მყავს, რადგან ყველა მწერალი ინდივიდუალური და თავისებურია და ყველასგან შეიძლება ამა თუ იმ თვისების აღება და მათი მიბაძვა. მაგალითად, როდესაც  ჩემს პოემას – „სირინოზების სიმღერას“ – ვწერდი, ესთეტიკურობის მხრივ, მილტონისა და ლერმონტოვის ხაზს მინდოდა გავყოლოდი, ჩემებური სტილით. რაღა თქმა უნდა, როცა ელფებზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც ყველას აზრად მოსდის და თავში გაუელვებს ტოლკინია. თავისთავად, ელფები მის სამყაროში გამოჩნდნენ ყველაზე მკვეთრად და დამამახსოვრებლად. ამიტომ არ არის გასაკვირი და სადაც არ უნდა წავიდე და რა ეტაპზეც არ უნდა ვიყო, ეს საკითხი თავისთავად ყოველთვის ამოტივტივდება. მაგრამ, აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ელფები ჯერ კიდევ უძველეს ტრადიციებში და ფოლკლორში ფიგურირებდნენ. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ტოლკინი არის ჩემი სამაგალითო მწერალი, მაგრამ მისი სამყარო უნიკალური, კოსმიური და ძალიან ფართომასშტაბიანია, რაც თავისმხრივ იდეალურად და ჯადოსნურად შეერწყა რეალურს. ჩემს შემთხვევაში, მთავარი ფიგურები ელფები არიან, სხვა არსებებთან ერთად, რომლებიც მე გამოვიგონე და რომლებიც დიდ როლს ითამაშებენ წიგნის შემდგომ ნაწილებში.

– თქვენი მომავალი გეგმები, გაგრძელება თუ ექნება „ელფთა სამეფოს“?

– როგორც უკვე მრავალჯერ ვახსენე, ელფთა სამეფოს სამი ტომია ჯამში დაწერილი. გაგრძელებები ძალიან მასიურია, როგორც რაოდენობრივად, ისე – შინაარსობრივად. მათი აღქმა ადვილი არ არის, განსხვავებით პირველი ტომისგან. სწორედ ეს არის იმ უწყვეტი პროცესის დროებითი შედეგები, რომლებზეც ვისაუბრე. მეოთხე ტომი ზოგჯერ გამირბენს გონებაში, იდეებს მომაწვდის და ისევ მიიმალება. ვფიქრობ, ძალიან მალე გადმოვიტან ამ აზრებს ფურცლებზე. თუმცა, რამდენი ნაწილი იქნება და როდის დასრულდება წიგნი, ამის თქმა არ შემიძლია. ეს ჩემთვის ცოტა მძიმე, თითქოს მტკივნეული თემაა. ამიტომ, ერთადერთი რაც დაგვრჩენია არის ის, რომ მივყვეთ პროცესს და ელფთა სამეფოს ცხოვრების დინებას.

ასმათ ჯაღმაიძე

premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments