ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი საქართველოშია

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილი საქართველოშია | imedinewsინდოეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული სიწმინდე – წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში  მიაბრძანეს. მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად, სამადლობელ პარაკლისს საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრებიან.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი მეუფე შიო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანებისთვის მადლობას უხდის. როგორც მეუფე შიომ, სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, წმინდა ნაწილები საქართველოსა და ინდოეთი მთავრობის ძალისხმევით, საქართველოს მუდმივ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოეცა.

„დღეს ჩვენ ვართ დიდი ისტორიული დღის მომსწრენი. ის, რაც წლების განმავლობაში იყო სანატრელი და მიუღწეველი დღეს შესაძლებელი გახდა. ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვტილება მიიღო – ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს მუდმივ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოსცა. ამიერიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულ კულტურული სიახლოვის განმამტკიცებელი წმინდა ქეთევანიც იქნება. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ეს ისტორიული გადაწყვეტილება პირადად მიიღო. ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით და ჩვენს პატივისცემას ვუდასტურებთ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანა. გვინდა ჩვენი დიდი მადლიერება გამოვხატოთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, ილია-ის მიმართ, რომელმაც თხოვნის წერილით მიმართა ინდოეთის მთავრობას, საქართველოსთვის გადმოეცათ დედოფლის წმინდა ნაწილები. ასევე დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ბატონ დავით ზალკალიანსა დაა საქართველოს საელჩოს ინდოეთში“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

ინდოეთის მთავრობას და ხალხს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ქეთევან დედოფლის წამებას თავის დროზევე მოჰყვა ჩვენი ქვეყნის გამოფხიზლება და ეროვნული ცნობიერების არნახული აღზევება. მისი გმირული ცხოვრება, რწმენისა და სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა დღესაც და ყოველთვის ასეთად დარჩება. გოაში, წმინდა ავგუსტინის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებში გათხრების დროს აღმოჩენილი წმინდა ნაწილების ფრაგმენტები, ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, როგორც მოგეხსენებათ, მუდმივ მფლობელობაში გადმოეცა საქართველოს. კიდევ ერთხელ გულითადად მივესალმები და მადლობას ვუხდი ინდოეთის მთავრობას და ინდოელ ხალხს. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საუკეთესო წინაპირობაა. მინდა, ვთხოვო მას, გადასცეს ქართველი ხალხის მადლიერება ინდოეთის მთავრობას და ხალხს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას მთელს ჩვენს საზოგადოებას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა აღნიშნა, ძალიან ახარებს, ინდოეთის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა.

„დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, მეგობრებო, მედიის წარმომადგენლებო. ძალიან მახარებს, რომ აქ ვარ დღეს, პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ ინდოეთიდან, რომელიც საქართველოს ეწვია. თუმცა, საქართველოში ჩამოვედი იმ განწყობით, რომ განსაკუთრებული მისია ვიკისრო. როგორც ყველამ კარგად იცით, ჩვენ შევინახეთ და სათუთად გავუფრთხილდით საქართველოს. ბუნებრივია, გასაგები იყო დიდი ინტერესი საქართველოდან, ყველა ეს წმინდა ნაწილი, რომ მუდმივ მფლობელობაში გადმოსცემოდა საქართველოს, რადგან მრავალწამებული დედოფალი ძალიან აღიარებულია თქვენს საზოგადოებაში.

ჩვენი ძალიან მჭიდრო მეგობრობის და თანამშრომლობის კონტექსტში ამ საკითხის მნიშვნელობის გაცნობიერების საფუძველზე, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ნაწილების ერთი ნაწილი გადმოსცემოდა საქართველოს. ჩემთვის დიდი პატივია და პრივილეგიაა, პირადად ჩამებრძანებინა ეს წმინდა ნაწილი და სულმოუთმენლად ველოდები, რომ დღეს ცერემონია გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში, ოფიციალურად გადმოეცემა ქვეყანას მრავალწამებული დედოფლის წმინდა ნაწილი. შეხვედრაზე, ასევე საქართველოს კათოლიკოსსაც ვიხილავ“, – განაცხადა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა.

საყურადღებოა, რომ არსებული რეგულაციების შესაბამისად, ინდოეთი არ განიხილავს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის, მათ შორის სიწმინდის, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას, რადგანაც ის წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.

მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეგობრულიურთერთობებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და სრულიად საქართველის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს საელჩო ინდოეთში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოეთის მხარესთან, კერძოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ინდოეთის კულტურის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე.

image_pdfimage_print

Comments

comments