სეისმოლოგი: საქართველოში მიწისძვრის სამი აქტიური კერაა

earthquakeჯავახეთი სეისმურად აქტიური ზონაა და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელია „მიწისძვრების გუნდი“, – ამის შესახებ Imedinews-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა განუცხადა.

სეისმოლოგმა დღეს დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ-ში, სოფელ სამებასთან მომხდარი 3,9 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ მოსალოდნელი საფრთხეები შეაფასა.

„მიწისძვრა უკავშირდება ტექტონიკურ ძვრებს. ვაკვირდებით სეისმურობას ჯავახეთის რეგიონში, რა თქმა უნდა, გახშირებული მიწისძვრები ყურადღება მისაქცევია. უახლოეს პერიოდში ამ საკითხს უფრო სიღრმისეულად შევისწავლით“, – აღნიშნა ზურაბ ჯავახიშვილმა.

სეისმოლოგის განცხადებით, საქართველოში მიწისძვრის სამი აქტიური კერაა.

„სეისმურად აქტიურია რაჭა, კერძოდ ონი, სადაც ძლიერი მიწისძვრა 1991 წელს დაფიქსირდა, შემდეგ 2009 წელს. ახლა ამ რეგიონში მცირე ბიძგები ხშირად ფიქსირდება. ასევე სეისმური აქტივობა შეინიშნება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, კერძოდ მიწისქვეშა ბიძგები ხშირად ფიქსირდება ლაგოდეხსა და ყვარელში. ხოლო მესამე აქტიური ზონაა ჯავახეთი“, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.

სეისმოლოგმა ასევე განმარტა, რომ ხშირ შემთხვევაში ძლიერ მიწისძვრას წინ არ უსწრებს „ფორ-შოკები“.

„ფორ-შოკები იშვიათი მოვლენაა და ჯავახეთის რეგიონს არ ახასიათებს, „მიწისძვრის გუნდი“ კი, ამ რეგიონში ხშირად ფიქსირდება“, – განაცხადა ჯავახიშვილმა.

საქართველოში დღეს მიწისძვრა უკვე მეორედ მოხდა.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments