თბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი განახევრდა


image-810xsთბილისში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განახევრების შესახებ მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. კერძოდ, მთავრობის 13 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი გარკვეული შეღავათით შეძლებს სარგებლობას და 5 მლნ ლარის ნაცვლად, პირველ წელს, 2,5 მლნ ლარს გადაიხდის.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო „სამორინეს მოწყობისთვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის 13 ივლისს მიღებულ №347 დადგენილებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისთვის დამატებით განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ერთჯერადად და მიზნად ისახავს პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ქალაქ თბილისში მოქმედ სამორინეებში წარმოქმნილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევას.

როგორც ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2020 წლის 21 მარტიდან სამორინეებს შეზღუდული ჰქონდათ საქმიანობა და მუშაობის განახლების შესაძლებლობა მათ 2021 წლის პირველი აპრილიდან მიეცათ, თუმცა მიუხედავად ამისა, არსებული სირთულეების გამო, დღემდე ვერ შეძლეს ფუნქციონირების დაწყება.

„ცნობისთვის, 2020 წლის 21 მარტის მდგომარეობით, თბილისში მოქმედ სამორინეებს კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარ ჰქონდათ გადახდილი სანებართვო მოსაკრებელი ხუთი მილიონი ლარის ოდენობით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მათთვის მიიღო ერთჯერადი გადაწყვეტილება. კერძოდ, ქ. თბილისში იმ სამორინეებისთვის, რომლებიც ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე, წელს სანებართვო მოსაკრებელი იქნება 2 500 000 ლარი. გარდა ამისა, 2022 წელს 2 500 000 ლარს გადაიხდიან ქ.თბილისში მოქმედი ის სამონირეები, რომელთაც სამორინეს მოწყობის ნებართვა აღებული აქვთ 2021 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ეს ერთჯერადი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება თბილისში მოქმედ ყველა სამორინეს და რომელიც ყველა სამორინესთან მიმართებით ვრცელდება მხოლოდ ერთი წლის სანებართვო მოსაკრებელზე (ნებართვები გაიცემა ხუთი წლის ვადით), დაეხმარება სექტორს საქმიანობს განახლებაში.

აქვე განვმარტავთ, რომ იმ პირებისთვის, რომლებიც წელს ისარგებლებენ მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით (ნებართვას აიღებენ 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე) 2022 წელს სამორინეს მოწყობისთვის სანებართვო მოსაკრებელი კვლავ ხუთი მილიონი ლარი იქნება“, – აღნიშნულია განაცხადებაში.