ფრიდონ ინჯია: “კონსტიტუციის და მოქალაქის შეურაცხოფაა, როდესაც ელჩები ეუბნებიან მთავრობის მეთაურს, პარლამენტს ან სასამართლოს, თუ რა უნდა გააკეთონ”

euro-georgia„ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლის  ფრიდონ ინჯიას განცხადებით, შეურაცხმყოფელია, რომ ელჩები ეუბნებიან ჩვენი მთავრობის მეთაურს, პარლამენტს ან სასამართლოს, რა უნდა გააკეთონ, შარლ მიშელის მემორანდუმი რეკომენდაციაა, მაგრამ არ უნდა იყოს კონსტიტუციაზე მაღლა.

ინჯია ამბობს, რომ შარლ მიშელის შეთანხმების მიზანი ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა იყო, რაც ნაწილობრივ მოხერხდა კიდეც.

„დოკუმენტს ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არაერთხელ იყო მოწოდება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მემორანდუმს ხელი უნდა მოაწეროს და კონსტრუქციულად იმოქმედოს. გუშინ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენული უფლებების დაცვასა და ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხების გადაჭრაზე. არ შეიძლება, მემორანდუმები ან შეთანხმებები უმთავრეს კანონზე – ქვეყნის კონსტიტუციაზე მაღლა იდგეს და ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენდეს.

ბოლო პერიოდში ცალკეული დესტრუქციული ძალების მხრიდან არაერთხელ იყო გახმოვანებული საკითხი საქართველოსა და ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ. ცალსახად მიგვაჩნია, რომ ეს ქვეყნისთვის არ არის სასარგებლო და მათ ვიწრო პარტიულ და ვიწრო პიროვნულ ინტერესებს ემსახურება, რაც არაერთხელ ვლინდება მათ ყოველდღიურ დესტრუქციულ ქმედებებშიც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაგებით მოეკიდა ყველა ჩვენ მიერ გამოთქმულ აზრს და არავითარ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა. პირიქით, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი დაინტერესებული არიან საქართველოს კეთილდღეობით და არ აპირებენ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას და შიდა საქმეებში ჩარევას“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

ინჯიას თქმით, მათ განცხადებებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და საქართველო რჩება ევროპის აქტიურ პარტნიორად და მოკავშირედ.

„ასევე, ჩემ მიერ იყო გაცხადებული, რომ მიგვაჩნია ზეწოლად ელჩების მიერ ხელმოწერილი წერილი საქართველოს ხელისუფლებისადმი. ეს არის შეურაცხყოფა კონსტიტუციის და ჩემი, როგორც მოქალაქის, რადგან სხვა ქვეყნის ელჩები ეუბნებიან მთავრობის მეთაურს, პარლამენტს ან სასამართლოს, თუ რა უნდა გააკეთონ.

შარლ მიშელის მემორანდუმი არის რეკომენდაცია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს კონსტიტუციაზე მაღლა. შარლ მიშელის მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდეს პარლამენტისა და სასამართლოს მუშაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მაღლა უნდა იდგეს კონსტიტუციაზე, რომელიც 100 წლისაა.

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას. გვინდა, მივიღოთ ყველა ის ევროპული ფასეულობები და პოლიტიკური გამოცდილებები, რომელიც ევროპაშია, მაგრამ ამავდროულად, გვინდა, არ დაირღვეს ბალანსი და ის ჩვენი კულტურა, ჩვენი დიდი ქონება, რასაც ჰქვია ქართულ ოჯახში ცხოვრება სხვა ეროვნებებთან ერთად. როცა ეს ყოველივე იქნება გაერთიანებული – ევროპული ღირებულებები და ის რაც ქართულ სახელმწიფოს გააჩნია, მაშინ ჩვენი ქვეყანა ამ რეგიონში იქნება მიმზიდველი. ის დაიკავებს იმ როლს, რა როლიც საქართველოს ეკავა საქართველოს საუკუნეების მანძილზე“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

დეპუტატი ამბობს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაიბრუნოს თავისი ადგილი რეგიონში.

„ჩვენი პარტიის ხედვა, რომელიც წარმოვადგინე შარლ მიშელთან შეხვედრაზე, სრულად იყო გაზიარებული მიშელის მხრიდან და ჩვენ არ მიგვიღია მისგან და ევროკავშირის ელჩისგან არანაირი შენიშვნა. ჩვენი ხედვა მათი მხრიდან იყო მიღებული.

რაც შეეხება კონსტიტუციას, ის 100 წლისაა. 100 წლის წინ, როდესაც კონსტიტუცია მიიღეს, მაშინ იყვნენ მენშევიკები, სოციალ-დემოკრატები, იყო დაპირისპირება პარლამენტის შენობაში, მაგრამ მაგიდებზე არ დარბოდნენ, რაც მოხდა, რამდენიმე დღის უკან პარლამენტში. ასეთი რამ მეორედ მოხდა. ერთი იყო 2003 წელს, რომლის მომსწრე მე ვიყავი, მაშინ, როდესაც ყველა მაგიდებზე დარბოდა და ახლაც ამის მცდელობა იყო. ეს ყოვლად დაუშვებელია. ამ დროს ამ ხალხს ვითომ ევროპული ცივილიზაცია და კულტურა უნდათ, რაც არ გამოვა“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

image_pdfimage_print

Comments

comments