ჰაწვალის საბაგიროს მშენებლობაში 34 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

natia-turnavaნათია თურნავასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განაცხადებით  ჰაწვალის ახალი, ულტრათანამედროვე საბაგირო სწრაფი ტემპით აშენდება და ამ პროექტში  დაახლოებით 34 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 

მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევით, სვანეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება.

„თქვენ იცით, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ სვანეთი ჩამოყალიბდეს 12-თვიან კურორტად. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს აშენდა თეთნულდის საბაგიროები, მესტია-ჰაწვალის საბაგირო, მცირე საბაგიროების ინფრასტრუქტურა სოფლებში – ბეჩოში, მაზერში, ეწერში და სხვაგან. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის არის საკმარისი განსაკუთრებით ახლა, როდესაც მძიმე დარტყმა მიადგა ზოგადად გლობალურ ტურიზმს.

სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთელი რესურსები არსებითად გადართულია პანდემიასთან ბრძოლისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ რიგში ბატონმა პრემიერმა, ჩვენმა გუნდმა, რომ ძალიან სწრაფი ტემპით, ჰაწვალის ახალი, ულტრათანამედროვე საბაგირო მოესწროს. ეს არის დაახლოებით 34 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც ვიცით, რომ ერთი ათად დაგვიბრუნდება“, – განაცხადა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. .

მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება კონკრეტულად სვანეთისთვის განკუთვნილი ძალიან საინტერესო პროექტები.

„მოგეხსენებათ, პრემიერის დავალებით, შევიმუშავეთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ათწლიანი გეგმა, მათ შორის ტურიზმის განვითარების და უახლოეს პერიოდში სვანეთისთვის განკუთვნილი გვაქვს ძალიან საინტერესო პროექტები. მაგალითად, ჰაწვალის ახალი საბაგიროს დასრულების შემდეგ, ჰაწვალის ტურისტული კომპლექსი რომ შეიკრას, აუცილებელია, განხორციელდეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროექტი – რეინჰოლდ მესნერის მუზეუმის მოწყობა, რომელიც შეკრავს ამ ობიექტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთ დღეში განსახორციელებელი პროექტი, მაგრამ აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება თეთნულდის კომპლექსს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მომავალში აუცილებლად განიხილება მულახი-თეთნულდის საბაგირო მშენებლობა.

„ძალიან მალე დავასრულებთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამაზეც მივიღეთ დავალება, თუმცა ამავდროულად მომავალში აუცილებლად ვიფიქრებთ მულახი-თეთნულდის საბაგიროს განხორციელებაზე. ეს არ არის მცირე პროექტი, საკმაოდ მასშტაბურია, მაგრამ ამასაც განვახორციელებთ, ვსწავლობთ ამის პერსპექტივებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

image_pdfimage_print

Comments

comments