ივლისში საქართველოს ეკონომიკა 9,9 %-ით გაიზარდა, წელს 4270-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა

სტატისტიკა ფინანსები კალკულატორი საგადასახადოწინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 9.9 %, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 12.2 % შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორის  გოგიტა თოდრაძის განცხადებით,  2021 წელს ქვეყანაში 4270-მდე ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8,5%-ით აღემატება.

„2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა. 2021 წლის 7 თვეში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28%-ით, ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 31%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 19%-ით. უშუალოდ ივლისის თვეში ექსპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 42%-ით, ხოლო იმპორტი 17%-ით. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობასა და სამთომომპოვებითი მრეწველობის დარგებში. 2021 ივლისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4270-მდე ახალი საწარმო, რაც 8.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს“, – განაცხადა თოდრაძემ.

მისივე თქმით, გაზრდილია ფარმაცევტული პროდუქციისა და ტანსაცმლის წარმოების მოცულობაც.

„ამასთან, 16%-ით გაიზარდა ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი, ხოლო 22%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტი. 39%-ითაა გაზრდილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობით დაკავებული კომპანიების წმინდა შემოსავლები. ზრდის ტენდენცია შეინიშნება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშიც. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა. გასულ წელს 46 ათას არ აღემატებოდა, ივლისში კი 230 ათას გადააჭარბა. რაც შეეხება კლებას, თითქმის, 20%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი და 8 %-ით ცემენტისა და კლინკერის იმპორტი“,- განაცხადა თოდრაძემ.

ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის  შეფასებით, იანვარ-ივლისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზებსაც აჭარბებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 7.7 პროცენტამდე გაზარდა, ხოლო სულ ახლახან წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “S&P Global“-მა საქართველოს უცვლელად დაუტოვა რა საკრედიტო რეიტინგი, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა წელს სსფ -ის მაჩვენებელთა ახლოს 7.5 პროცენტი იქნება და წინა, 2021 წლის თებერვლის შეფასებასთან შედარებით მნიშვნელოვნად, 3.5 პ.პ-ით არის გაზრდილი. ეს შეფასებები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის კარგ წინაპირობებს, ქვეყანას საინვესტიციო რეიტინგი მიენიჭოს უახლოეს ორ წელიწადში, რაც არის გაზრდილ საინვესტიციო შესაძლებლობებთან ერთად, მყარი ბაზისი გრძელვადიანი სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ, საქართველოს ეკონომიკის შეფასების გაუმჯობესებული პარამეტრები, ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პოზიტიურ მოლოდინზე მიუთითებს.

ბიუჯეტი, ფული, საგადასახადო

„ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის იანვარ-ივლისის კუმულაციური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად 5.7 პროცენტით აღემატება პანდემიამდელი, 2019 წლის იანვარ-ივლისის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ოპტიმისტური სცენარებით წლიური ზრდა სულაც 10. 5 პროცენტი შეიძლება გვქონდეს. ჩვენ გვაქვს კარგი შანსი გავხდეთ ქვეყანა, რომელიც ყველაზე სწრაფად დაიბრუნებს პანდემიამდე ეკონომიკურ მდგომარეობას,“ – აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ივლისში, აპრილიდან მოყოლებული ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და პირველ რიგში ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტენდენციები. კერძოდ, 2021 წლის ივლისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.4 პროცენტით გაიზარდა , ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), სარეკორდო 48.5 პროცენტით არის გაზრდილი.

„ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებულმა ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის რეცესიული შოკიდან სწრაფ გამოსვლას და შესაბამისად, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას ბიზნესზე და მოსახლეობაზე მთლიანად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა ქვეყნის მთავარ გამოწვევას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. თუ ჩვენ გვსურს გვქონდეს მაღალი ზრდა, რაც სავალუტო კურსის სტაბილურობასთან ერთად, სამუშაო ადგილების აღდგენასაც შეუწყობს ხელს, სწორედ ვაქცინაცია იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რათა ეკონომიკა ისევ არ ჩაიკეტოს!“ – წერს გიორგი ცუცქირიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

image_pdfimage_print

Comments

comments