პატრიარქის მოსაყდრემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა–ლოცვა შესრულდა.

გადმოცემის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც რომის იმპერატორ კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა ის აღმართა ანუ აღამაღლა. სწორედ აქედან მოდის დღესასწაულის სახელწოდება -„ჯვართამაღლება“.

დღესვე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან (ფაჩუაშვილი) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები.

პანაშვიდის დაწყებამდე, ქადაგებისას, მიტროპოლიტმა შიომ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისა და სოხუმის დაცემის დღის შესახებ ისაუბრა.

„დღეს, ამ დიდ საზეიმო დღესთან ერთად, გვაქვს სამწუხარო დღეც. დღეს არის სოხუმის დაცემის დღე. ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგიკულ ომს, ამ ომის დღეებს. ახლა გადავიხდით პანაშვიდს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მოსახსენიებლად. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვილოცებთ არა მარტო ქართველებისთვის, ვინც ამ ომში დაეცა, არამედ აფხაზებისთვისაც. მინდა გავიხსენო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები. მან ბრძანა, რომ „ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ, როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ომში დაეცა, იმიტომ რომ, სინამდვილეში, ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ ჩვენ, ორივე მოძმე, ვიყავით მსხვერპლი ამ ომში“. მისმა უწმინდესობამ ბრძანა: „მჯერა, დადგება დღე, როდესაც აიგება ქართველ და აფხაზ დაღუპულ გმირთა ერთი საერთო ძეგლი“. აი, ასეთი დღეა დღეს. ღმერთმა აცხონოს სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე აღსრულებულნი და უფალმა ინებოს ჩვენი ერის გამთლიანება ჯვრის ცხოველსმყოფელი ძალითა და მადლით, ამინ“, – დასძინა მიტროპოლიტმა შიომ.

image_pdfimage_print

Comments

comments