დედამიწის კონტინენტები წყლიდან იმაზე მილიონობით წლით ადრე ამოიწია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა

915უმეტესობამ ვიცით, რომ ხმელეთი, რომელზეც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ, დედამიწის ზედაპირის მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენს, დანარჩენი ნაწილი კი ოკეანეებით არის დაფარული.

კონტინენტების გამოჩენა საკვანძო მომენტი იყო დედამიწაზე სიცოცხლის ისტორიაში, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ადამიანთა სამყოფელია. თუმცა, ჯერ კიდევ დაზუსტებით არ არის ცნობილი, როდის გამოჩნდა პირველად დედამიწაზე კონტინენტური ხმელეთის მასები და რა ტექტონიკურმა პროცესებმა ააგო ისინი.

ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტისა და კუინზლენდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ამ საკითხზე ახალი კვლევა ჩაატარა; ინდოეთში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში შეაფასეს ყველაზე უძველეს კონტინენტურ ფრაგმენტთა (კრატონები) ქანების ასაკი. ქვიშა, რომელმაც ეს ქანები წარმოქმნა, ოდესღაც დედამიწის ერთ-ერთ პირველ პლაჟებს წარმოქმნიდა.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ პირველი დიდი კონტინენტები ზღვის დონიდან მაღლა დაახლოებით სამი მილიარდი წლის წინ ამოიმართა; წინა კვლევების მიხედვით კი ეს დაახლოებით 2,5 მილიარდი წლის წინ უნდა მომხდარიყო.  ოკეანეებიდან ამოზიდვის შემდეგ, კონტინენტებმა ეროზია დაიწყო. ქარი და წვიმა ქვებს ქვიშის მარცვლებად შლიდა, რომელიც მდინარეებს ქვემოთ ჩაჰქონდა, სანაპიროს გასწვრივ აგროვებდა და პლაჟებს წარმოქმნიდა.

ეს პროცესი, რომელზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია პლაჟზე გასეირნებისას, მილიარდობით წელიწადს უნდა გაგრძელებულიყო. უძველესი პლაჟის დეპოზიტების ნიშნების მოსაძებნად ამ ქანების ანალიზით, გეოლოგებს შეუძლიათ შეისწავლონ იმ შორეულ წარსულში მიმდინარე კონტინენტთა წარმოქმნის ეპიზოდები.

სინგჰბჰუმის კრატონი, კონტინენტური ქერქის უძველესი ნაწილი, რომელიც ინდოეთის სუბკონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილებს წარმოქმნის, უძველესი ქვიშაქვის რამდენიმე ფორმაციას შეიცავს. შრეები თავდაპირველად წარმოიქმნა ქვიშის დეპოზიტებისგან პლაჟებზე, ესტუარებსა და მდინარეებში, შემდეგ კი ჩაიმარხა და გაქვავდა.

მინერალ ცირკონის მიკროსკოპული მარცვლების შესწავლით, მკვლევართა ჯგუფმა ამ დეპოზიტთა ასაკი განსაზღვრა. ცირკონი ამ ქვიშაქვებშია შემონახული.  ეს მინერალი შეიცავს ურანის ციცქნა ოდენობას, რომელიც რადიოაქტიური დაშლის გზით, ძალიან ნელა გარდაიქმნება ტყვიად. ამის საშუალებით კი შესაძლებელია ამ ცირკონის მარცვლების ასაკის შეფასება, რისთვისაც ურანი-რკინით დათარიღების მეთოდს უწოდებენ; ეს მეთოდი ძალიან კარგად ერგება ძალიან ძველ ქანებს.

ცირკონის მარცვლები ცხადყოფს, რომ სინგჰბჰუმის ქვიშაქვები დაახლოებით სამი მილიარდი წლის წინ დეპონირდა და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი პლაჟური დეპოზიტებია. ეს კი ასევე მიუთითებს, რომ კონტინენტური ხმელეთი თანამედროვე ინდოეთის ნაწილში სულ მცირე სამი მილიარდი წლის წინ გამოჩნდა.

საინტერესოა, რომ დაახლოებით ამავე ასაკის დანალექოვანი ქანები ასევე წარმოდგენილია ავსტრალიისა (პილბარასა და ილგარნის კრატონები) და სამხრეთ აფრიკის (კააპვაალის კრატონი) უძველეს კრატონებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მთელ დედამიწაზე მრავალი კონტინენტური ხმელეთი შეიძლება ერთდროულად გაჩენილიყო.

როგორ შეძლო კლდოვანმა კონტინენტებმა ოკეანეებიდან მაღლა ამოზიდვა? კონტინენტების უნიკალური მახასიათებელია მათი სქელი, ზედაპირზე გაჩერების უნარის მქონე ქერქი, რაც მათ დედამიწის მანტიის ზემოთ მოქცევის საშუალებს აძლევს, ზუსტად ისე, როგორც ბოთლის საცობი ტივტივებს წყალში.  აისბერგთა მსგავსად, კონტინენტების ზედა ნაწილი სქელი ქერქით (ძირითადად 45 კმ სისქის) წყლის ზემოთ ამოდის, უფრო თხელი, დაახლოებით 40 კმ სისქის ქერქის მქონე კონტინენტური ბლოკები კი წყალში ჩაძირული რჩება.

შესაბამისად, თუ კონტინენტთა ამოზიდვის საიდუმლო მათი სისქეა, პირველ რიგში საჭიროა გავიგოთ, როგორ და რატომ დაიწყეს მათ გასქელება.  უძველეს კონტინენტთა უმეტესობა, სინგჰბჰუმის კრატონის მსგავსად, გრანიტისგან შედგება, რომელიც წარმოქმნილია ქერქის ძირში უკვე არსებული ქანების გადნობით.

კვლევისას, მეცნიერთა ჯგუფმა სინგჰბჰუმის კრატონში იპოვა გრანიტი, რომლებიც სულ უფრო მზარდად დიდ სიღრმეშია წარმოქმნილი დაახლოებით 3,5 და სამი მილიარდი წლის წინ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დროის იმ მონაკვეთში ქერქი სქელდებოდა.

ვინაიდან გრანიტი ქანის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მკვრივი ტიპია, სინგჰბჰუმის კრატონის უძველესი ქერქი გასქელებისას სულ უფრო და უფრო უნდა ამოტივტივებულიყო. მკვლევართა გათვლებით, დაახლოებით სამი მილიარდი წლის წინ, სინგჰბჰუმის კრატონის კონტინენტური ქერქი დაახლოებით 50 კმ სისქის უნდა გამხდარიყო, რაც საკმარისი იქნებოდა, რათა ზღვის დონიდან მაღლა ამოზიდვა დაეწყო.

კონტინენტთა ამოზიდვას სიღრმისეული გავლენა ჰქონდა ადრეული დედამიწის კლიმატზე, ატმოსფეროსა და ოკეანეებზე.  ამ კონტინენტთა ეროზიას კი ქიმიური საკვები ნივთიერებებით უნდა უზრუნველეყო სანაპირო გარემო, რომელშიც ადრეული ფოტოსინთეზური სიცოცხლე ყვაოდა. ამას კი მოჰყვა ჟანგბადის წარმოების აზვირთება, რამაც საბოლოოდ წარმოქმნა ჟანგბადით მდიდარი ის ატმოსფერო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

ადრეულ კონტინენტთა ეროზიას წვლილი უნდა შეეტანა ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის შთანთქმაშიც, რამაც ადრეული დედამიწის გაციება გამოიწვია.

მართლაც, დაახლოებით სამი მილიარდი წლის წინანდელ გეოლოგიურ მასალებში ასევე ჩანს მყინვარული დეპოზიტები, რომლებიც ოკეანეებიდან პირველი კონტინენტების ამოწევიდან მალევეა წარმოქმნილი.

კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

https://1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments