“მწვანე პასპორტი” – დაღი თუ საშვი ახალ ცხოვრებაში?

თბილისიისაქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმეედდება. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების – საბაგირო გზებზე. 

აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.  რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

ამ სიახლემ  შესაძლოა, განვითარების მაგივრად, უფრო შეაფერხოს ადგილობრივი ტურისტული სექტორი.  საქმე არა მხოლოდ “ანტივაქსერებშია”, ჩვენი საზოგადოება ზოგადად პოლარიზებულია – პოლიტიკურად, სოციალურად, მორალის თუ უფლებების პრინციპებით. და თუ ერთისთვის “კოვიდ პასპორტის” ქონა დადებითი მოვლენაა, სხვა ამას  დისკრიმინაციულ ქმედებად მიიჩნევს. ერთისთვის ესერთგვარი საშვია “ლამაზ ცხოვრებაში”, მეორესთვის სამარცხვინო დაღი, სეგრეგაციის ნიშანი და უფლებების შემლახველი საბუთი.  საზოგადოებაში ერთი აზრის დანერგვა შეუძლებელია,  გახლეჩვა შესაძლოა უფრო გაღრმავდეს, გამოიწვიოს პროტესტი და მიუღებლობა.

“მწვანე პასპორტის” საკითხმა არარერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ევროპის რიგ ქვეყნებში. საფრანგეთში დისკრიმინაციის  მოწინააღმდეგები კაფეებსა და რესტორნების წინ მასობრივად  აწყობდნენ პიკნიკებს; იტალიაში მოსახლეობა პროტესტით ქუჩებში გამოვიდა და მთავრობას “მწვანე პასპორტის” აუცილებლობის გაუქმება და საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა მოთხოვა.

რამდენად შეძლებს ჩვენი მთავრობა “მწვანე პასპორტის” ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში, დრო გვიჩვენებს. ამ ეტაპზე კი  იმედოვნებენ, რომ  “მწვანე პასპორტის” შემოღება მრავალი შეზღუდვის მოხსნას შეუწყობს ხელს.

“მოდით, ჯერ შემოვიღოთ უსაფრთხოების ეს სტანდარტი, გარკვეულწილად გავამკაცროთ კონტროლი – რომ ნამდვილად ჯანმრთელი ადამიანები სტუმრობენ ზამთრის კურორტებს, რესტორნებს თუ სასტუმროებს. შემდეგ კი, თუ დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი კარგად მუშაობს, რასაკვირველია, გვექნება საფუძველი, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

რა თქმა უნდა, მთავრობა გათვლას არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობაზე აკეთებს. გასართობი ინდუსტრიის ძირითადი მომხმარებელი უცხოელი ვიზიტორია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით,  2021 წლის იანვარი-სექტემბრის შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 865 654 831 დოლარს, რაც 366 579 535 მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (ზრდა +73%). 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 1 717 184 741 დოლარით ნაკლებია (კლება –66%).

რაც შეეხება მსოფლიო ტურისტული სფეროს მაჩვენებლებს,  ვაქცინირება და “მწვანე პასპორტის” შემოღება ტურისტულ ნაკადზე ახდენს მოვლენას. გაქირავების კომპანა Airbnb-ის მაგალითზე ჩანს, რომ მომავალ წელს ტურისტული ნაკადების ზრდაა მოსალოდნელი.  “კომერსანტის” ინფორმაციით,  Airbnb–ს  მთლიანი ჯავშნები მესამე კვარტალში 48,8%-ით გაიზარდა და 11,9 მლრდ დოლარს მიაღწია.

„საერთაშორისო მოგზაურობაზე ძიების მოცულობა იზრდება, რადგან ქვეყნები, მათ შორის შეერთებული შტატები, სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ,“ – წერს Reuters.

სააგენტოს შეფასებით, ლოკდაუნების შემსუბუქება Airbnb-ს ბიზნესის გამოჯანმრთელებაში დაეხმარა, რაც გასული წლის დასაწყისში მკვეთრად დაეცა, როცა დასვენების მსურველები შიდა მოგზაურობებზე სახლებს დიდი ქალაქებიდან მოშორებით ჯავშნიდნენ. დღეს კომპანია მოელის, რომ მისი შემოსავლები კიდევ უფრო გაიზრდება. Airbnb-ის მონაცემებით, ბიზნესის აღდგენა უფრო ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში დომინირებს, სადაც ყოველდღიური გაქირავების საშუალო ფასი მაღალია.

premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments