საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას შეუერთდა

загружено (1)საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას შეუერთდა, რითიც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

„შესანიშნავი სიახლე! საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას შეუერთდა, რითიც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. საქართველო რჩება თავისი დასავლური ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული და მზადაა გააგრძელოს მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან ერთად,” – წერს მინისტრი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ სერტიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

„ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ასევე ასკვნის, რომ საქართველო უერთდება ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატების ციფრულ სისტემას შეუერთდა, 16 ნოემბრიდან შევა ძალაში.
image_pdfimage_print

Comments

comments