ყვავები იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ხელსაწყოების ფასეულობის აღქმაც აქვთ

ახალი კვლევის მიხედვით, ყვავებსაც ზუსტად ისევე შეუძლიათ საკუთარი ხელსაწყოებისთვის ფასეულობის მინიჭება, როგორც ჩვენ.

„მრავალი ჩვენგანი თავს ვევლებით ახალ ტელეფონს, რომ არ დაგვივარდეს, გაგვეკაწროს ან არ დავკარგოთ, მაგრამ გაბზარული ეკრანის მქონე ძველ ტელეფონზე შეიძლება სულ არ ვდარდობდე“, — ამბობს გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის ქცევითი ეკოლოგი ბარბარა კლამპი.

ახალკალედონიური ყვავები (Corvus moneduloides) იმდენად განთქმული არიან სიჭკვიანით, რომ მეცნიერები მათ მოდელ სახეობად იყენებენ, რათა გაარკვიონ ხელსაწყოთა გამოყენების ევოლუცია და მასთან დაკავშირებული ქცევები, მაგალითად, დაგეგმვა.

ამ ჭკვიან ყვავებს შეუძლიათ ნაპოვნი ობიექტები არა მხოლოდ იარაღებად გამოიყენონ, არამედ შეუძლიათ ფორმა მისცენ ან ააწყონ სხვადასხვა, ცალ-ცალკე უსარგებლო ნაწილებისგან; ასეთი რამ ადრე მხოლოდ პრიმატებში იყო შემჩნეული.

ველურ ბუნებაში ისინი იარაღად ერთწლიან ყლორტებს იყენებენ, ფრთხილად იჭერენ ნისკარტით, ხის ნაპრალებში ყოფენ და იქიდან მატლების ამოყვანას ცდილობენ. თავდაცვის მიზნით, მატლები ამ ხელსაწყოს კბენენ, ყვავები კი ამით სარგებლობენ, ამოჰყავთ და ჭამენ. თუმცა, ჭამის დროს ყვავმა ამ ხელსაწყოს ნისკარტი უნდა გაუშვას, რა დროსაც ის შეიძლება დაბლა ჩავარდეს ან მოჰპარონ კიდეც.

ექსპერიმენტული ცდებისთვის მკვლევრებმა ველურ ბუნებაში დაჭერილი 27 ყვავი გამოიყენეს; ფრინველებს არანაირი წვრთნა არ გაუვლიათ და შესაბამისად, შედეგები მიკერძოებული ვერ იქნება. მას შემდეგ, რაც ყვავებს ორი ტიპის ხელსაწყო შესთავაზეს, მკვლევართა ჯგუფმა დაადასტურა, რომ ეს ფრინველები ძლიერ უპირატესობას ანიჭებდნენ მოკაუჭებულ წკირებს.

„მოკაუჭებული იარაღების მოპოვება ძნელია, მაგრამ ისინი გაცილებით ეფექტიანია. ყვავებს მსხვერპლის მოპოვება ამ ხელსაწყოებით თითქმის ათჯერ უფრო სწრაფად შეუძლიათ, ვიდრე ჩვეულებრივი, სწორი წკირებით“, — ამბობს ქცევითი ეკოლოგი კრისტიან რატცი.

17 ყვავს სხვადასხვა დღეს, ორი ცდის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ორივე ცდაში მათ დაუდგეს სხვადასხვა ზომის ხვრელების მქონე კუნძები, რომლებშიც ხორცი ან ობობები იყო მოთავსებული. ერთ ცდაში მათ მოკაუჭებულ ხელსაწყოდ გამოყენებისთვის ვარგისი წკირები ჰქონდათ, მეორეში კი მხოლოდ სწორი წკირები.

https://1tv.ge

image_pdfimage_print

Comments

comments