ჯანდაცვის ახალ მინისტრად ზურაბ აზარაშვილი დანიშნეს

ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი წარუდგინაოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – ზურაბ აზარაშვილი წარუდგინა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

„მინდა, მოგილოცოთ ახალი თანამდებობა. წინ ძალიან საინტერესო გამოწვევები გელით. სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს გისურვებთ. სამინისტროში ძალიან დიდ გამოცდილებას მიიღებთ, რომელიც შემდგომ საქმიანობაშიც გამოგადგებათ. დარწმუნებული ვარ, ყველა სირთულესა და მნიშვნელოვან გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მოადგილეებმა, სსიპ-ებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ზურაბ აზარაშვილს საკუთარი მიმართულებებით განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ უდიდესი პასუხისმგებლობით სავსე სამინისტროს გუნდში ჩართვა. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით, კონსტრუქციული თანამშრომლობითა და მეგობრობით ძალიან კარგ შედეგებს მივაღწევთ. მე ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და საქმისადმი ასეთივე დამოკიდებულებას მოვითხოვ სხვისგანაც. დიდი იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ და კონკრეტული შედეგები გვექნება“, – განაცხადა ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

image_pdfimage_print

Comments

comments