სემეკი:ტარიფების ნაწილში არაფერი იცვლება, რამდენსაც იხდიდნენ მომხმარებლები, იმდენს გადაიხდიან 2022 წელსაც

semekiსემეკში აცხადებენ, რომ ტარიფების ნაწილში არაფერი არ იცვლება –  რამდენსაც იხდიდნენ მომხმარებლები, იმდენს გადაიხდიან 2022 წელსაც. ცვლილება, რომელსაც გარკვეული გაუგებრობა მოჰყვა,   აღრიცხვიანობის ახალ სისტემაზე გადსაცლას ეხება.

როგორც სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა „ქრონიკაში“ აღნიშნა,  პენსიონერებისთვის ელექტროენერგიის გადახდის ბოლო ვადა იქნება 16 რიცხვი, მიუხედავად იმისა, როდის მიუვათ ქვითარი და რა იქნება ქვითარში გადახდის ბოლო ვადად მითითებული.

„თბილისში აღრიცხვიანობის 22 ბლოკი არსებობდა და გადახდის 22 სისტემა. ყველას ჰქონდა ქვითრის ჩაბარების, ასევე გადახდისა და ელექტროენერგიის გათიშვის პერიოდები. ბევრი პრობლემა დაჯგუფდა და მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ აღრიცხვიანობა არის ის საკითხი, ზოგადად რაზეც დგას ენერგეტიკა. პრობლემების მოგვარებისას მთავარი იყო მოწყვლადი ჯგუფების მომხმარებლების ინტერესების დაცვა. პირველ რიგში ესენი არიან პენსიონერები და სოციალურად დაუცველი პირები. მათი უფლებების დაცვის მექანიზმის შემოღება, ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტი, თუმცა აქამდე არსებული აღრიცხვიანობის სისტემა ამის შესაძლებლობას არ გვაძლევდა.

ასევე, 2 ქვითარი არ ნიშნავს გაზრდილ გადასახადს, ეს ნიშნავს, რომ ერთი ქვითარი უბრალოდ ორად გაიყო. იანვრის თვის მოხმარება უკვე გადავა თებერვალში და ეს ყველაფერი უკვე იქნება მოწესრიგებული. მოსახლეობას მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მრიცხველის წაკითხვა მოხდება 4 დღეში და ქვითრებიც შესაბამის პერიოდში მიუვათ და აღარ იქნება ისე, როგორც აქამდე, მთელი თვის განმავლობაში მისდიოდა მთელ ქალაქს. მნიშვნელოვანი გარემობაა ასევე ის, რომ პენსიონერებისთვის გადახდის ბოლო ვადა იქნება 16 რიცხვი, მიუხედავად იმისა, როდის მიუვათ ქვითარი და რა იქნება ქვითარში გადახდის ბოლო ვადად მითითებული, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის გადახდის ბოლო ვადა იქნება 23 რიცხვი, რადგან 22-ში მათ დახმარება ერიცხებათ. ზუსტად ამ ყველაფრის გამო მოწესრიგდა ეს სისტემა. მესმის, რომ იანვრის დასაწყისში მომხმარებლებისთვის ორი ქვითრის მიღება გარკვეული ფინანსური ტვირთია, თუმცა შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე ვნახავთ, რომ არამც თუ უფრო ადრე მიუვათ ქვითარი, არამედ გაცილებით უფრო გვიან მიიღებენ ქვითრებს“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

სამომავლოდ მომხმარებელს ორი ქვითარი აღარასდროს მიუვა, წელში გადავტეხეთ ეს სისტემა და მეტი ასეთი შემთხვევა აღარ დაფიქსირდება.

„ჯერჯერობით რასაც ჩვენ ვუყურებთ სისტემაში პრობლემა და ხარვეზი არ არის, განსხვავებით ივლისის თვისგან, როდესაც კონკრეტულად თბილისში გამოვლინდა, რომ „თელმიკოსა“ და „თელასის“ გაყოფის პროცესში იყო დარიცხვის პრობლემა. ჩვენ მაშინ ძალიან ხისტად, კანონის საშუალებით მივუდექით ამ საკითხს და მილიონი ლარის თანხა ჩამოეწერა დაახლოებით 220 ათას მომხმარებელს. ჩვენ შეუვალები ვართ, როცა საქმე ეხება მომხმარებლებს და ზოგადად, როდესაც არის დარღვევა ნებისმიერი ჩვენი რეგულაციის, თუმცა ამ ეტაპზე იყო შეხვედრები. ჩვენ შევხვდით მოქალაქეებს, გავესაუბრეთ, ვნახეთ მათი ქვითრები. მართალია, გასაგებია მათი გულისტკივილი, რომ 2 ქვითარი მიუვიდათ, მაგრამ კილოვატებში რომ გადავიყვანოთ, მათთვის არაფერი შეცვლილა, იგივეა, უბრალოდ ცოტა ადრე მოუწია ქვითრის მიღება. შემდეგი უფრო გვიან მიუვათ და გასწორდება. სამომავლოდ მომხმარებელს ორი ქვითარი აღარასდროს მიუვა, წელში გადავტეხეთ ეს სისტემა და მეტი ასეთი შემთხვევა აღარ დაფიქსირდება“,- განმარტა გიორგი ფანგანმა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments