ილონ მასკი „ტვიტერს“ 44 მილიარდ დოლარად შეიძენს


internet-security2.jpg.pagespeed.ce.fQ8zJ1g_q7ილონ მასკი „ტვიტერს“ 44 მილიარდ დოლარად შეიძენს. კომპანიის დირექტორთა საბჭომ მასკის შეთავაზება მიიღო. როგორც მასკი აცხადებს, აღნიშნულ სოციალურ ქსელს უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალი აქვს, რომლის რეალიზებასაც ის შეძლებს.

აპრილის დასაწყისში ილონ მასკმა „ტვიტერის“ აქციების 9,2 პროცენტი შეიძინა 2,89 მილიარდ დოლარად, რითაც კომპანიის უმსხვილესი აქციონერი გახდა. ამის შემდეგ მასკმა კომპანიის სრულად შეძენაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ახლა კომპანიის გაყიდვას აქციონერებმა უნდა უყარონ კენჭი.

სოციალური ქსელის შეძენის შემთხვევაში, მასკი უკვე აანონსებს გარკვეულ ცვლილებებს, მათ შორის არის კონტენტის გამოქვეყნების შეზღუდვების შემსუბუქება და ყალბ ანგარიშებთან ბრძოლა.

„სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ფუნქციონირების საფუძველია, „ტვიტერი“ კი ქალაქის ციფრული მოედანია, სადაც განიხილება კაცობრიობის მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები“, – აღნიშნა მასკმა „ტვიტერთან“ გარიგების გამოცხადებისას.

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ის არის კომპანიებს Tesla-ს და Space X-ის მფლობელი. ჟურნალი „ფორბსი“ მის ქონებას 268 მილიარდ დოლარად აფასებს.

„ვიმედოვნებ, რომ ჩემი ყველაზე ცუდი კრიტიკოსებიც დარჩებიან „ტვიტერში“, რადგან სწორედ ამას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება“, – დაწერა რამდენიმე საათის წინ მასკმა „ტვიტერში“.