ფიზიკოსთა განცხადებით, დრო შეიძლება საერთოდაც არ არსებობდეს

საათი დროარსებობს თუ არა დრო? ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება ცალსახა ჩანდეს: რა თქმა უნდა, არსებობს! უბრალოდ საათს ან კალენდარს შეხედეთ.

თუმცა, ფიზიკის განვითარება გვთავაზობს, რომ დროის არარსებობა ღია შესაძლებლობაა, ისეთი საკითხი, რასაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.
როგორ შეიძლება ასე იყოს და რას ნიშნავს ეს ყოველივე? ახსნას დრო სჭირდება, მაგრამ არ იდარდოთ, დრო რომც არ არსებობდეს, ჩვენი ცხოვრება მაინც ჩვეულებისამებრ გაგრძელდება.

ფიზიკა კრიზისშია. გასული საუკუნის და მეტის განმავლობაში, სამყაროს ახსნა ორი ძლიერ წარმატებული ფიზიკური თეორიით შევძელით: ზოგადი ფარდობითობით და კვანტური მექანიკით.

კვანტური მექანიკა აღწერს, როგორ მუშაობენ საგნები ნაწილაკთა და ნაწილაკთა ურთიერთქმედების წარმოუდგენლად ციცქნა სამყაროში. ზოგადი ფარდობითობა აღწერს გრავიტაციის დიდ სურათს და ობიექტთა მოძრაობას.

ორივე თეორია ცალ-ცალკე ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ მიჩნეულია, რომ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიან. თუმცა, კონფლიქტის ზუსტი ბუნება საკამათოა და მეცნიერები ზოგადად თანხმდებიან, რომ საჭიროა ამ ორივე თეორიის ჩანაცვლება ახალი, უფრო ზოგადი თეორიით.

ფიზიკოსებს სურთ შექმნან „კვანტური გრავიტაციის“ თეორია, რომელიც ზოგად ფარდობითობას და კვანტურ მექანიკას ჩაანაცვლებს და შეიძენს ორივე მათგანის გამორჩეულ წარმატებას. ასეთმა თეორიამ უნდა ახსნას, როგორ მოქმედებს გრავიტაციის დიდი სურათი ნაწილაკთა მინიატურულ მასშტაბზე.

როგორც ჩანს, კვანტური გრავიტაციის თეორიის ჩამოყალიბება უკიდურესად რთულია.

ამ ორ თეორიას შორის არსებული კონფლიქტის დაძლევის ერთ-ერთი მცდელობაა სიმების თეორია. სიმების თეორია ნაწილაკებს სიმებით ანაცვლებს, რომლებიც მაქსიმუმ 11 განზომილებაში ვიბრირებენ.

თუმცა, სიმების თეორია კიდევ უფრო მეტ სირთულეს აწყდება. სიმების თეორია გვთავაზობს სხვადასხვა მოდელს, რომლებიც ჩვენს მსგავს სამყაროს ფართოდ აღწერენ და არ აკეთებენ რაიმე აშკარა პროგნოზებს, რომელთა ექსპერიმენტულად ტესტირებაც შესაძლებელი იქნებოდა იმის გასარკვევად, თუ რომელი მოდელია მართებული.

1980-იან და 1990-იან წლებში, სიმების თეორიით ბევრი ფიზიკოსი უკმაყოფილო დარჩა და წამოაყენეს კვანტური გრავიტაციის ახალი მათემატიკური მიდგომების სპექტრი.

მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მარყუჟოვანი კვანტური გრავიტაცია, რომელიც გვთავაზობს, რომ სივრცისა და დროის ქსოვილი შედგება უკიდურესად მცირე წყვეტილი ნაჭრების, ანუ „მარყუჟების“ ქსელისგან.
მარყუჟოვანი კვანტური გრავიტაციის ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი ის არის, რომ ის დროს მთლიანად გამორიცხავს.

ფიზიკოსთა განცხადებით, დრო შეიძლება საერთოდაც არ არსებობდეს — #1tvმეცნიერება

მარყუჟოვანი კვანტური გრავიტაცია ერთადერთი არ არის, რომელიც დროს უარყოფს: სხვა რამდენიმე მიდგომაც უკუაგდებს დროს, როგორც რეალობის ფუნდამენტურ ასპექტს.

მაშასადამე, ვიცით, რომ სამყაროს ასახსნელად ახალი ფიზიკური თეორია გვჭირდება და ამ თეორიაში დრო შეიძლება საერთოდაც არ იყოს წარმოჩენილი.

დავუშვათ, რომ ასეთი თეორია მართებული აღმოჩნდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ დრო არ არსებობს?

რთული საკითხია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ნიშნავს არსებობა.

ფიზიკის თეორიები არ მოიცავს რაიმე მაგიდებს, სკამებს ან ადამიანებს, მაგრამ მაინც ვთანხმდებით, რომ მაგიდები, სკამები და ადამიანები არსებობს.

რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვუშვებთ, რომ ასეთი საგნები იმაზე მაღალ დონეზე არსებობს, ვიდრე ფიზიკის მიერ აღწერილი დონე.

მაგალითად, ვამბობთ, რომ მაგიდები „წარმოიქმნა“ სამყაროში მოტრიალე ნაწილაკთა ძირითადი ფიზიკისგან.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საკმაოდ კარგად ვიცოდეთ, როგორ შედგება მაგიდა ფუნდამენტური ნაწილაკებისგან, წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ შეიძლება დრო რაღაც უფრო ფუნდამენტურისგან „იყოს შედგენილი“.

შესაბამისად, ვიდრე არ შეგვიძლია კარგი დასკვნის გამოტანა იმის შესახებ, თუ როგორ ჩნდება დრო, გაუგებარია უბრალოდ ვუშვებდეთ, რომ დრო არსებობს.

დრო შეიძლება არც ერთ დონეზე არ არსებობდეს.

იმის თქმა, რომ დრო საერთოდ არც ერთ დონეზე არ არსებობს, იმის თქმას ჰგავს, რომ მაგიდები საერთოდაც არ არსებობს.

მაგიდების გარეშე არსებული სამყაროს დამტკიცება შეიძლება რთული იყოს, მაგრამ დროის გარეშე სამყაროს თავის გართმევა პოზიტიურად დამღუპველი ჩანს.

მთელი ჩვენი ცხოვრება დროზეა დაფუძნებული. მომავალს იმის გათვალისწინებით ვგეგმავთ, რაც წარსულის შესახებ ვიცით. ადამიანებს მორალურად მათი წარსული ქმედებების მიხედვით ვაფასებთ შემდეგში მათი გაკიცხვის მიზნით.

ჩვენი თავი აგენტებად (სუბიექტები, რომლებსაც შეუძლიათ რამის გაკეთება) მიგვაჩნია ნაწილობრივ იმიტომ, რომ შეგვიძლია მოქმედების ისე დაგეგმვა, რომ მომავალში ცვლილებები მოიტანოს.

მაგრამ რა აზრი აქვს მოქმედებას, რომელმაც მომავალში ცვლილება უნდა მოიტანოს მაშინ, თუ ამ მოქმედებისთვის მომავალი არ არსებობს?

რა აზრი აქვს ვინმეს დასჯას წარსულში ჩადენილი ქმედებისთვის მაშინ, თუ წარსული არ არსებობს და შესაბამისად, არც ის ქმედება?

იმის აღმოჩენა, რომ დრო არ არსებობს, მთელ მსოფლიოს არევდა და გააჩერებდა. საწოლიდან ადგომის მიზეზიც კი არ გვექნებოდა.

მართალია, ფიზიკა შეიძლება დროს უარყოფდეს, მაგრამ როგორც ჩანს, მიზეზობრიობას ხელუხლებლად ტოვებს: აღქმას, რომ ერთმა რამემ შეიძლება მეორე გამოიწვიოს.

მაშინ ფიზიკა ალბათ იმას გვეუბნება, რომ სამყაროს მომავლის საფუძველი მიზეზობრიობაა და არა დრო.

თუ ეს ასეა, საქმიანობა შეიძლება გადარჩეს. ვინაიდან შესაძლებელია მოქმედების გრძნობის მთლიანად მიზეზობრივი თვალსაზრისით რეკონსტრუქცია.

სულ მცირე, ასე ირწმუნებიან ფიზიკოსები, კრისტი მილერი, ჯონათან ტალანტი და სემ ბარონი თავიანთ ახალ წიგნში „დროის მიღმა“.

მათი აზრით, იმის აღმოჩენას, რომ დრო არ არსებობს, შეიძლება ჩვენს ცხოვრებაზე პირდაპირი გავლენა არ ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამით ფიზიკაში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

1tv.ge

 

image_pdfimage_print

Comments

comments