შსს – ბათუმში, აქციაზე დაკავებული 25 პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

შსს - ბათუმში, აქციაზე დაკავებული 25 პირიდან ორი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილიშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს.

 დაკავებულთაგან ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

ყველა დაკავებული  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

დაპირისპირება ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე გაშლილი კარვების აღებისა და ქუჩის საავტომობილო ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნას მოჰყვა. სამართალდამცველები აცხადებდნენ, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირებული იყო და ქუჩის გადაკეტვის საჭიროება აღარ იდგა, რის გამოც მათ ტერიტორიის გათავისუფლება მოითხოვეს და აქციის მონაწილეებს დროც მისცეს. საპირისპიროს აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ კარვები გაფრთხილების გარეშე დაარბია და დაკავებები დაიწყო.

„აღნიშნული მონაკვეთი უნდა გათავისუფლებულიყო. სამანქანო გზის გადაკეტვა საჭიროებას არ წარმოადგენდა. ამის შესახებ პოლიციამ განუმარტა შეკრებილებს. ისინი არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას და შესაბამისად მოხდა პირების დაკავება. იყო ხელის შეშლის ფაქტებიც,“ – განაცხადა აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, დავით მაღრაძემ.

აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გაშალეს. მათი განცხადებით, კარვებში დარჩებოდნენ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ არ გადაიყვანდნენ.

image_pdfimage_print

Comments

comments