„ბორჯომთან“ დაკავშირებით მოლაპარაკებები პრაქტიკულად დაასრულებულია, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო

borjomi–ბორჯომიპრემიერ-მინისტრის განცხადებით,  „ბორჯომთან“ დაკავშირებით  მოლაპარაკებები  პრაქტიკულად დაასრულებულია,  საკითხს ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოიტანენ და „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო.

„დღეს დილით მქონდა საუბარი ბატონ ზურაბ აზარაშვილთან. მისი დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია. მინდა, ვუთხრა ყველას, რომ ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით, ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო“, – აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო „IDS ბორჯომი საქართველოში“ შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში აქტიურად ჩაერთო.

„შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს სრულად გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

„IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა N1 და N2 ქარხნების სრულმასშტაბიანი პიკეტირება დაიწყეს. თანამშრომლებს შესასვლელები სრულად გადაკეტილი აქვთ. ამასთან, „IDS ბორჯომმა“ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის ანგარიშები გაყინულია, ამის გამო კომპანიას შეზღუდული აქვს ფინანსური რესურსი და უპირველესად იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, რომლებიც ამ ეტაპზე წარმოების პროცესში არიან ჩართული.

image_pdfimage_print

Comments

comments