საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

eeevroparlament ევროპარლამენტისაქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. შესაბამის დოკუმენტს 308 ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, წინააღმდეგ 218 იყო.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი „შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო წლებში მედიის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამო, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად ქვეყანაში მყარი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად“.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გმობს ჟურნალისტების დაშინების, მათ მიმართ მუქარების, ძალადობისა და დევნის მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის თანამშრომლებისა და მესაკუთრეების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების მზარდ რაოდენობას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გულდასმით გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებისა და მედიის სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ ძალადობასა და ძალადობისკენ წაქეზებაზე, რაც აღმოფხვრის ამგვარი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის შთაბეჭდილებას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, შეზღუდოს სტრატეგიული სამართლებრივი სარჩელების გამოყენება ადამიანის უფლებების დამცველებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც ემსახურება მათი კრიტიკული და დამოუკიდებელი მუშაობის შეფერხებას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რაც უნდა ითვალისწინებდეს სარედაქციო დამოუკიდებლობას, პოლიტიკური შეხედულებების გამჭვირვალე მედია მესაკუთრეობასა და პლურალისტულ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და განსაკუთრებით, საზოგადოებრივ მაუწყებლებში, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს. ასევე მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე დაუბრკოლებრივი წვდომა, ჟურნალისტებისა და სხვა მედია პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და უფლებამოსილება.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტის წევრები გმობენ მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს, რამაც გამოავლინა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ არსებული უნდობლობა.

„ევროპარლამენტი მიესალმება ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ მოწოდებას ნიკა გვარამიას საბრალდებო განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით; ხაზს უსვამს სასწრაფო აუცილებლობას, რომ მთავრობამ ნამდვილად წინ წაწიოს სასამართლო რეფორმა ფართო და ინკლუზიური პარტიათაშორისი პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერების მიზნით, იმ ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორის ვალდებულებების შესაბამისად.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ აგრესიული რიტორიკის გამოყენებისგან და დისკრიმინაციული მოპყრობისგან მედიის წარმომადგენლების მიმართ და თავიანთ საჯარო განცხადებებში ადვოკატირება გაუწიონ ტოლერანტულ მიდგომას ადამიანის უფლებების პატივისცემით“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

როგორც რეზოლუციაში ნათქვამი, მოუწოდებენ საქართველოს მთავრობის ყველა წარმომადგენელს, თავი აარიდონ აგრესიული რიტორიკის გამოყენებას, მედიის წარმომადგენლების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას და საკუთარ განცხადებებში მხარი დაუჭიროს ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს.

პრესის თავისუფლება

„მტკიცედ დაგმოს 2021 წლის 5 ივლისს თბილისის პრაიდი მარშზე ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ სამართლებრივი დევნისა ან დეტალური გამოძიების მუდმივი დანაკლისი. ასევე დაჟინებით აცხადებს, რომ ასეთი ქმედებების ჩამდენ პირთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ არის დაშვებული, რადგან ეს არღვევს როგორც საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო და ევროპულ ვალდებულებებს, და მოუწოდებს 5 ივლისის ინციდენტების ეფექტურად გამოძიებისკენ. გმობს ლჯბტქი+ პირთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის გაგრძელებას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სრულად პრაქტიკულად აამოქმედოს ადამიანის უფლებათა და ანტიდისკიმინაციული კანონმდებლობა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჩაატაროს ფარული ჩანაწერების სკანდალის ეფექტური გამოძიება და აამოქმედოს შესაბამისი მექანიზმების სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალის და მონაცემთა შეგროვების ზედამხედველობისთვის.

ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟურნალისტებისთვის, მედიასაშუალებების თანამშრომლებისთვის და მედია ორგანიზაციებისთვის უსაფრთხო, ხელსაყრელი სამუშაო გარემოს გარანტიების საჭიროებას. როგორც საკანონმდებლო ფორმით, ისე პრაქტიკაშიც, მათ შორის იმ ჟურნალისტებისთვის ვინც რუსეთიდან, ბელარუსიდან და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისგან თავშესაფარს ეძებს. ამიტომ აქეზებს საქართველოს გამოიყენოს საერთაშორისო თანამშრომლობა მედიაგარემოსა და შესაბამისი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად, რაც შესაბამისობაში იქნება მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი აქებს ნინო ლომჯარიას, სახალხო დამცველს მისი ქმედებებისთვის, რომლებიც მიმართული იყო მედიის თავისუფლების დაცვისკენ, მიუხედავად მთავრობის რეგულარული თავდასხმებისა.

ამასთან, რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი აცნობიერებს, რომ საქართველოში არის მრავლფეროვანი და პლურალისტული მედიალანდშაფტი, მაგრამ მწუხარებას გამოთქვამს განსაკუთრებით მწვავე ურთიერთობების გამო მმართველ პარტიასა და კრიტიკულ მედიასაშუალებებს შორის, ისევე როგორც ოპოზიციურ პარტიებსა და პროსამთავრობო მედიას შორის. ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მედია ლანდშაფტის პოლარიზაციის გამო, რაც ასახავს პოლიტიკური ლანდშაფტის მზარდ და დამაზიანებელ პოლარიზაციას.

ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის გავლის შესაძლებლობა ჰქონდეს.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას განავითაროს მედიაწიგნიერების განათლების პროგრამები თავისი მოქალაქეებისთვის, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას ფაქტების შემოწმების მექანიზმების შექმნაში.

„ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან მედიის მფლობელების ან წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო საქმეების განხორცილებისგან. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჰუმანიტარულ საფუძველზე გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მას საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის გავლის შესაძლებლობა ჰქონდეს. გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში რუსული დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციის მუდმივი ზრდის გამო, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის კონტექსტში და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას განავითაროს მედიაწიგნიერების განათლების პროგრამები თავისი მოქალაქეებისთვის, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას ფაქტების შემოწმების მექანიზმების შექმნაში და მიიღოს აქტიური ნაბიჯები, რათა თავიდან აიცილოს დეზინფორმაციული კამპანიები უცხოური ან ადგილობრივი აქტორების მხრიდან ქვეყნის, დაუცველი ჯგუფების ან პირების წინააღმდეგ, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების თემებში ან კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრები ადამიანები და პოლიტიკური პარტიები“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, „ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებისკენ“.

„ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა ქართველ პოლიტიკურ მოთამაშეს, რომ თავი შეიკავონ რუსული დეზინფორმაციული მცდელობების გამოყენებისაგან მათი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, რადგან ეს მხოლოდ ხელს უწყობს დეზინფორმაციის შემდგომ გავრცელებას და საფრთხეს უქმნის სოციალურ ერთიანობას და დემოკრატიას. მოუწოდებს საქართველოს, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი და ინიციატივა, რომელიც მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მდგრადობის გაძლიერებისკენ და მოუწოდებს კომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უზრუნველყონ დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა საქართველოში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას 2021-2027 წლების შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში.

ევროპარლამენტის ტექსტში ნათქვამია, რომ „მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში“.

„ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას 2021-2027 წლების შემოქმედებითი ევროპის პროგრამაში; მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს მხარი დაუჭირონ ქმედებებს, რომლებიც აკონტროლებენ და აფასებენ მედიის პლურალიზმისა და თავისუფლების რისკებს, იცავენ საფრთხის ქვეშ მყოფ ჟურნალისტებს და ხელს უწყობენ საინფორმაციო მედიის სექტორის ტრანსფორმაციას და კონკურენტუნარიანობას საქართველოში. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში, და ამით ცალსახად აჩვენოს თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, განახორციელოს საქართველოს მოსახლეობის ამბიციური ევროპული მისწრაფებები, როგორც მოწმობს ქვეყნის 2022 წლის 3 მარტის ევროკავშირში წევრობის განაცხადი. გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს განხორციელებას და ამიტომ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშავონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტი ავალებს თავის პრეზიდენტს გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს/ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას და საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „სასამართლო საქმეები იყო აღძრული სხვა მსხვილი კრიტიკული მედიასაშუალებების მესაკუთრეების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, კერძოდ, ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილისა და დამოუკიდებელი ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლის, ვახტან წერეთლის წინააღმდეგ.

ამასთან, რეზოლუციაში წერია, რომ 2022 წლის იანვარში თბლისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ და პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ავთანდილ წერეთელი, ვახტანგ წერეთლის მამა, დამნაშავედ ცნო თაღლითობაში და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მათი განაჩენი შემსუბუქდა, ვინაიდან თაღლითობისთვის ხანდაზმულობის ვადა გასული იყო.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტს, მედიის წარმომადგენელსა და მშვიდობიან დემონსტრანტს ძალადობრივად დაესხნენ თავს ძირითადად ულტრამემარჯვენე აქტივისტები „თბილისის პრაიდის“ მსვლელობის გაშუქების დროს, რომელიც საბოლოოდ იძულებით გაუქმდა. ასევე, დოკუმენტში საუბარია ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე. რეზოლუციის თანახმად, „ალექსანდრე ლაშქარავა თავდასხმიდან მალევე გარდაიცვალა მიღებული დაზიანებების გამო“.

ევროპარლამენტარებმა ასევე რეზოლუციაში დაამტკიცეს შესწორება, რომელშიც ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების განხილვისკენ.

შესწორებაში ვკითხულობთ: „ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; ევროპარლამენტი ღრმად არის შეშფოთებული ივანიშვილის კრემლთან გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიმართ; ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“.

image_pdfimage_print

Comments

comments