რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე – Commersant

хлеб პური ხორბალი ფასი breadერთი თვის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთი საქართველოში ხორბლისა და მესლინის მთავარი იმპორტიორი იყო. 2022 წელს ბაზარზე რუსეთ-უკრაინის ომისა და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის ზრდის გამო, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შეჩერდა, მცირე პარტიების იმპორტი მხოლოდ გერმანია-ავსტრიიდან განხორციელდა.

რა ვითარებაა საქართველოში ხორბლის მარაგების კუთხით, რას გეგმავს და აკეთებს სახელმწიფო ხორბლით უზრუნველყოფის კოეფიციენტის გასაზრდელად, რამდენად რეალურია რისკები სურსათის უსაფრთხოების კუთხით,  Europetime ამ საკითხებით დაინტერესდა.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილე შალვა ფიფია ამბობს, რომ საქართველოსთვის 2022 წელს რუსეთი ხორბლისა და ფქვილის მთავარი იმპორტიორია, რაც სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკების შეიცავს.

„მთავარი და მნიშვნელოვანი რისკი ისაა, რომ ჩვენ ხორბლისა და ახლა უკვე ფქვილის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. თვითკმარობის კოეფიციენტი ხორბალში საკმაოდ დაბალია და 2021 წელს 15%-ს შეადგენდა. ქვეყანაში ხორბლის მოხმარება წელიწადში 700 ათასი ტონის ფარგლებშია, ხოლო წარმოება 100-150 ათას ტონას შეადგენს. შესაბამისად დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე და ასევე ფქვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, იდეაში გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შექმნის სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს“, – ამბობს ფიფია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი შალვა ფიფიას მოსაზრებას ეთანხმება თუმცა განმარტავს, რომ ვიდრე რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს შემოიღებდა, ფასიდან და ლოგისტიკიდან გამომდინარე ყველაზე ეფექტური იყო და მიუხედავად ამისა დღესაც ეფექტურია რუსეთიდან ხორბლის შემოტანა.

„საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობს და აკვირდება მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა სჯობს და სასურველია, რომ ქვეყანაში სასურსათო მარაგები იქმნებოდეს ხორბლის და არა ფქვილის სახით. თუმცა, საქართველოს მთავრობამ აირჩია პოლიტიკა, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფი პური, იმის ხარჯზე, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად იაფი ფქვილი შემოვიდეს.

რაც დღეს ხდება საქართველოს ხორბლის ბაზარზე, ეს რეალურად რუსეთის პოლიტიკის შედეგია. ხორბლის ექსპორტზე ამ ქვეყანამ შემოიღო გადასახადი. შედეგად იმპორტირებული ხორბლის შემთხვევაში, საქართველოში მნიშვნელოვნად ძვირი ფქვილი იწარმოება. შალვა ფიფიას ვეთანხმები, რომ მარაგები ყოველთვის სასურველია იყოს ხორბალში, რადგან რისკები ნაკლებია. მაგრამ დღეს, მსოფლიოში, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში ყალიბდება ახალი ვითარება. სამწუხაროდ, მომავალი კვირიდან კიდევ უფრო იზრდება ექსპორტის გადასახადი რუსულ ხორბალზე და ტონაზე უკვე $146 მიაღწია უკვე. ხორბალზე მსოფლიო ფასების ასეთი ზრდა ისტორიას არ ახსოვს. რისკები გაამძაფრა ომმა, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ჩვენ სამეზობლოში ხორბლის მწარმოებელ ორ დიდ ქვეყანაში მიდის სრულმასშტაბიანი ომი, ამიტომ ბევრი გამოწვევაა ქვეყნის წინაშე. საქართველოს მთავრობა ცდილობს პრობლემებს თავისი პროგრამებით გაუმკლავდეს“, — ამბობს ხანიშვილი.

სოფლის მეურნეობამისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტის გაზრდაზე მუშაობს, ასევე იგეგმება ახალი პროგრამების შეთავაზება ფერმერებისთვის, რომელიც საპილოტე იქნება და მათ დაინტერესებას გაზრდის.

„ხორბლის თვითკმარობის კოეფიციენტის ზრდა უნდა მოხდეს გრძელვადიან პერიოდში, ესაა 5-დან 10 წლამდე პერიოდი, ეს არ არის საკითხი, რომელიც ერთ წელიწადში გადაიჭრება. უნდა მოხდეს ნიადაგის შესაძლებლობების გაძლიერება, ახალი სათესლე მასალის შემოტანა, მეტი აგრონომიული ცოდნა და მეტი მექანიზაცია, უნდა დაიხვეწოს მოსავლის აღების ტექნიკა. ესაა კომპლექსური და მრავალ ათეულმილიონიანი პროგრამა. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ამ პროგრამების განხორციელების ფონზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, სასურსათო ხორბალზე საკუთარი მოხმარების 50%-60% (პარალელურად იზრდება საფურაჟე და სათესლე ხორბლის რაოდენობა) დაიკმაყოფილოს.

ხორბლის მარაგების შევსება დღეს ძალიან მარტივია. უბრალოდ იმპორტირებული ხორბლისგან წარმოებული ფქვილი იმდენად ძვირი იქნება, რომ მეწარმეს პურის მკვეთრად გაძვირება მოუწევს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი გავიაროთ და ვნახოთ მსოფლიო ბაზარი როგორ ეკონომიკურ ვითარებას შემოგვთავაზებს. პური რომ ხელმისაწვდომი იყოს, ქვეყანაში იაფი ფქვილი უნდა შემოვიტანოთ. ეს მიდგომა წისქვილებისთვის არაა სარგებლის მომტანი, ამიტომ ამ ბიზნესს ხელს ვუწყობთ, რომ ისინი გახდნენ ფქვილის მსხვილი იმპორტიორები. ბუნებრივია ბაზრის დანარჩენ მოთამაშეებთან ერთად. წისქვილკომბინატები ახლაც მუშაობენ. ივლისში ქვეყანაში 5 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. უბრალოდ ის მასშტაბები არ არის, რომ მარაგები შევქმნათ, როგორც ამას გასულ წლებში ვაკეთებდით. ბუნებრივია იწყება ადგილობრივი ხორბლის აღება, რომელიც მალე მიეწოდება ბაზარს. დღეს ბაზრის დივერსიფიცირება პრობლემა არ არის, უბრალოდ იქნება ბევრად უფრო ძვირი ხორბალი, ვიდრე შეიძლება რუსეთიდან შემოვიტანოთ. დღესაც სარკინიგზო და სახმელეთო გზით და მცირე რაოდენობით ზღვით ხორბალი რუსეთიდან იმპორტირდება. ყველაზე დიდი მოცულობა შემოდის ლარსის საბაჟოს გავლით“, — ამბობს ხანიშვილი.

საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, ხორბლის წარმოების მონაცემები ბოლო ხუთი წელია მცირედით იზრდება, თუმცა ამ პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ქვეყანაში ისევ დაბალია.

ხორბლის წარმოება საქართველოში 2017-2021 წლებში:

2017 წელი – 97,9 ათასი ტონა;
2018 წელი – 107,1 ათასი ტონა;
2019 წელი – 100,6 ათასი ტონა;
2020 წელი – 102,4 ათასი ტონა;
2021 წელი – 139,9 ათასი ტონა.

მომზადებულია europetime.eu-ს მასალის მიხედვით

commersant.ge

image_pdfimage_print

Comments

comments