ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე: ეყოს ადამიანობა, გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა

oxanashvili-anri ანრი ოხანაშვილიმზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება, იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს. ყველამ ნახოს, რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით და თქვას ეს ყველაფერი, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა ვატო წერეთელსა და მას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას.

მან წერეთელს მოუწოდა, ჩაიტაროს ექსპერტიზა, რათა გაირკვეს რა მდგომარეობაში იყო მისული აშშ-ის საელჩოს ღონისძიებაზე.

„გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, რადგან მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა. ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა დადგინდეს ყველაფერი. როგორ შეიძლება, თუ ეს დადასტურდება, რომ ამერიკის საელჩოში ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მივიდეს. გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება.

მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება და ყოფილა პროვოცირების შემთხვევები, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შეურაცხყოფის მოყენებასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს გასცდა აბსოლუტურად ყოველგვარ ზღვარს. შესაბამისად, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია, გასაჯაროვდეს ყველაფერი. მექნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრა და სურვილს გამოვთქვამ, გასაჯაროვდეს ყველაფერი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დეპუტატი წერეთელს მოუწოდებს, გამოვიდეს საჯაროდ და თქვას რა მოხდა.

„გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ყველას გადაადგილება, ყველა ტრაექტორია. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს როგორ მომიახლოვდა, როგორ გამიყვანა გვერდით და ა.შ გასაჯაროვდეს ყველაფერი, მზად ვარ ამისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მე ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ. ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალო მოსვლა და პროვოცირება, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რომელსაც არავინ მოითმენდა, რაც ამ ადამიანმა იკადრა და ეყოს ადამიანობა და გამოვიდეს და თქვას, რა მოხდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments