მეფე დავითის მიერ ყველაფერი წინასწარ იყო მოფიქრებული გამარჯვების უზრუნველსაყოფად

წმ. მეფე დავიდ აღმაშენებელი   ჩვენ, სამწუხაროდ, არავითარი ცნობა არა გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებოდა საქართველოს სამეფო ხელისუფლება ამ გადამწყვეტი ბრძოლისათვის. მაგრამ, ცხადია, მას არ გამოეპარებოდა სულთნისა და სხვა მაჰმადიან მფლობელთა მიერ მთელი 4-5 თვის მანძილზე გატარებული ღონის ძიებანი. ამიტომ იყო, რომ დავით აღმაშენებელი და მისი ლაშქარი სავსებით მზად იყო ბრძოლის მისაღებად.

ყურადღებას იქცევს თვით ლაშქრის შედგენილობა; როგორც ჩანს, მეომართა ძირითადი ნაწილი მეფეს საკუთრივ ქართველებისაგან შეუდგენია: ორმოცი ათასი ძლიერი და გამოცდილი ქართველი მოლაშქრე „სამეფო სპის” ნაწილს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ დავით აღმაშენებელს, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, ყივჩაყთა 40 000-იანი მუდმივი ლაშქარი ჰყავდა, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მას მხოლოდ 15 000 ყივჩაყი გამოუყვანია. და ეს შემთხვევითი არ იყო: როგორც ჩანს, მეფე ძირითად საყრდენ ძალად ისევ „სამეფო სპას”, ქართველთა ლაშქარს თვლიდა; განსაკუთრებით ასეთ გადამწყვეტ ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ, მართლაც, მხოლოდ რჩეული, ყოველმხრივ მისანდობ ქართველთა გამოყვანა თუ შეიძლებოდა.

საქართველოს ლაშქრის მესამე ნაწილს „როქის სპა”, ალანთაგან (ოსთაგან) დაქირავებული ჯარი შეადგენდა. შემთხვევითი არ იყო ხუთასი ოსი მოლაშქრის დაქირავება და საამისოდ თანხის გაღება, მაშინ როცა მეფეს რეზერვში ოცდახუთი ათასი მუდმივი მოლაშქრე ყივჩაყი ჰყავდა. ესეც, ცხადია, დავითის სათანადო ტაქტიკური გეგმის მიხედვით იყო გაკეთებული და გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა.

გარკვეული მიზნით იყო შეყვანილი ქართველთა ლაშქარში, თუმცა არც ისე დიდი რაოდენობით, „ფრანგებიც”. მათე ურჰაელი ამ ომში ასი „ფრანგის” მონაწილეობის შესახებ წერს, გოტიე კი ორას „ფრანგს” ასახელებს. როგორც ჩანს, „ფრანგები” მართლაც მონაწილეობდნენ ამ ომში. „ფრანგებს” ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე, „ევროპელებს”  ეძახდნენ. ასე რომ, ეს „ფრანგები იმ ევროპელ ჯვაროსანთა წარმომადგენლები იყვნენ, რომლებსაც ამ დროს მახლობელ აღმოსავლეთში ბრძოლები ჰქონდათ თურქსელჩუკებთან.

მანასკერტის ბრძოლა. ანგუს მაკბრაიდის ნახატი

ევროპელ რაინდებს, „ფრანგებს” დიდი გამოცდილება ჰქონდათ ამ მხრივ და მათი მონაწილეობა ქართველთა ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, ცხადია, სასარგებლო იქნებოდა. ამასთანავე, მათი მონაწილეობა დიდგორის ომში იმ ურთიერთობითაც იყო გამოწვეული, რაც ამ დროსაც ჯვაროსნებსა და ქრისტიანულ საქართველოს შორის არსებობდა. თუკი ადრე ჯვაროსნების წარმატებები თურქ-სელჩუკებთან ომში ხელს უმართავდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, ამჟამად უკვე გაძლიერებული საქართველოს შეტევით ომებს საერთო მტრის წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯვაროსნებისათვის. ამიტომ სავსებით შესაძლებელია, რომ საქართველოს სამეფოს სამზადისი თურქებთან გადამწყვეტი ბრძოლისათვის ჯვაროსნებს მხედველობიდან არ გამორჩენოდათ და მასში ერთგვარი მონაწილეობაც მიეღოთ.

როგორც ვხედავთ, დავით აღმაშენებლის მიერ ყველაფერი წინასწარ იყო მოფიქრებული და გაკეთებული გამარჯვების
უზრუნველსაყოფად.

დავითის ისტორიკოსის სიტყვით, ომის წინ „მეფემან დავით, უშიშარმან და ყოვლად უძრავმან გულითა… წინა განაწყო სპა მისი, ყოველი საქმე მშვენივრად და ღონიერად ყო, რაბამ რამე უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო”. მსოფლიოს „ბრძენთა ენა ვერ შემძლებელ არს მოთხრობად ზედმიწევნით ყოველსავე”, რაც იმ დროს მეფემ გააკეთაო – წერდა დავითის ისტორიკოსი.

გოტიეს მოწმობით, დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მოწოდების სიტყვით მიმართა თავის ლაშქარს.
მას თვით ამ სიტყვის ტექსტიც აქვს მოტანილი თავის ქრონიკებში. სამწუხაროდ, ჩვენ შესაძლებლობა არა გვაქვს შევამოწმოთ, თუ რამდენად შეეფერება ეს ამბავი სინამდვილეს და რამდენად სწორადაა იგი ჩაწერილი, მაგრამ მის მოტანას აქ მაინც საჭიროდ მივიჩნევთ, მით უფრო, რომ ბევრ მკვლევარს გოტიეს ცნობის სისწორეში ეჭვი არ ეპარება და ზოგ მათგანს დავითის ამ სიტყვის გოტიესეული ტექსტი ქართველი მჭევრმეტყველების ნიმუშების კრებულშიც კი აქვს შეტანილი.

აი, ეს სიტყვა: „ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვი მიმდევარი, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისაკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით  და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ”.

შოთა მესხია “ძლევაი საკვირველი”

image_pdfimage_print

Comments

comments