გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში არის აღნიშნული.
პრემიერი სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას.
მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარაპლანის ინსტრუქტორი, ამოყვანილია და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს გადაიყვანეს. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გარდაცვლილია უცხოელი ტურისტი, რომელიც პარაპლანით ინსტრუქტორთან ერთად იყო.