ხადის ხეობის კულტურული მემკვიდრეობა (ვიდეო)


ცეცხლიჯვარი 2 ქვეშეთი-კობის მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები ხადის ხეობაში უკვე დაწყებულია.  

გავლენა მოსახლეობაზე, გარემოზე, ტურიზმის პოტენციალზე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე – ამ ფაქტორების გარდა, როცა ხადას ხეობაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა დაეთმოს ხეობის კულტურულ მემკვიდრეობას. პროექტის განხორციელება განადგურების რისკის წინაშე აყენებს თბილისიდან 100 კმ-ში მდებარე დაახლოებით 9 კმ-ს სიგრძის ხადის ხეობას, რომელიც საქართველოში „60 კოშკის ხეობადაა” ცნობილი.

ხეობაში შემორჩენილია არქეოლოგიური არტეფაქტები, ტრადიციული საცხოვრებლის ნიმუშები, ეკლესიები, გალავნიანი ციხეები, ცალკე მდგომი კოშკები, მემორიალური ადგილები, წარწერიანი ქვებისა და ქვა-ჯვრები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ძეგლები ჯერ კიდევ არ არის შესწავლილ-შეფასებული და არ არის სრულად შეფასებული რა ზემოქმედება ექნება მშენებლობას აქ არსებულ არქეოლოგიურ თუ ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ძეგლებზე.

„მწვანე ალტერნატივის“ ანგარიშიდან ვიგებთ იმასაც, რომ 2020 წლის ზაფხულში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხადის ხეობაში კულტურული ძეგლების ახალი შეფასება დაიწყეს. კვლევამ დამატებით გამოავლინა 155 ძეგლი, რომლებზეც შესაძლოა პროექტმა გავლენა მოახდინოს. ამასთან, ეს ძეგლები არ იყო აღნიშნული გზშ-ის ანგარიშში.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს იმასაც, რომ ბევრი ადგილი – სასაფლაოები, კოშკები, ეკლესიები და მათი ნანგრევები დამატებით მომზადებულ დოკუმენტშიც ვერ მოხვდა. მოსახლეობა შეშფოთებულია და მიაჩნია, რომ ამ ძეგლების გამორიცხვის მიზეზია ის, რომ პროექტი ამ ძეგლებზე უშუალო ზემოქმედებას ახდენს.

 

https://publika.ge/