ეროვნულ გალერეაში გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“ გაიხსნება

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფისადმი მიძღვნილი გამოფენა „მეფე ერეკლე – საქართველოს უკანასკნელი ლომი“ გაიხსნება.

ექსპოზიციაში ქართველი მონარქისადმი მიძღვნილი უნიკალური ნივთები იქნება წარმოდგენილი. მათ შორის აღსანიშნავია: ერეკლეს გულსაკიდი ხატი, თოფები და ხმლები, მეფის ხალათი, საბეჭდავები, ხელნაწერები და წიგნები. ექსპოზიციაზე დიდი ადგილი ეთმობა ერეკლე მეფის საბრძოლო წარმატებებს, ამ მხრივ აღსანიშნავია იმ პერიოდის საქართველოში ჩამოსხმული ზარბაზნები, გამოჩენილი ქართველი მხატვრების ტილოები მიძღვნილი ასპინძისა და კრწანისის ბრძოლებისადმი.

„გამოფენაზე საგანგებოდაა ექსპონირებული ისეთი ძვირფასი მემორიალური ნივთები როგორებიცაა: მეფე ერეკლეს მიერ სვეტიცხოვლის ტაძრისადმი შეწირული საეკლესიო ნივთები, დედოფალ დარეჯან დადიანის ზურმუხტის საყურეები, თეკლე ბატონიშვილის ოქროსა და ვერცხლის ქამრები, გიორგი XII-ის ნეფრიტის საბეჭდავი.

საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელი იხილავს საქართველოს სამეფო და საკათალიკოსო ტახტებსაც. გამოფენა წარმოადგენს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმის, ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ურთიერთთანამშრომლობის შედეგს. აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების ნაწილი ფართო დამთვალიერებლის წინაშე პირველად იქნება გამოფენილი“, – აცხადებენ კულტურის  სამინისტროში.

გამოფენა 24 სექტემბერს გაიხსნება და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

image_pdfimage_print

Comments

comments