უამინდობამ ქვეყნის მასშტაბით გზებზე პრობლემები შექმნა

თოვლი გზაზესაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ნისლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-153) ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, ქარბუქისა და დაბალი ტემპერატურის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქუთაისში. სტიქიის გამო რამდენიმე ხე წაიქცა და სახლების სახურავები დაზიანდა. ქალაქის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მერიაში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ხოლო ქალაქში არსებულ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მობილიზებულია ჯგუფები, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დახმარება გაუწიონ.

ძლიერი  ქარის გამო  ფოთშიც  წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრობოძები. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, დღეს ღამით ფოთში მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარის გაძლიერება, საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული სანაპირო ზოლზე. მათივე ცნობით, სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, შაბათს კი გამოიდარებს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments